რუსეთი თანდათან კარგავს კონტროლს შავ ზღვაზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ, რომელზედაც სამხედროების, დაზვერვის, უსაფრთხოების ძალების და სხვა ოფიციალური პირების ანგარიშები მოისმინეს.
„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იბრძვის და მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს წვდომა მსოფლიო ბაზარზე. შედეგები კარგია. რუსეთი ნელ-ნელა კარგავს კონტროლს შავ ზღვაზე და უკან იხევს აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში... იქაც მივწვდებით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანამდე უკრაინის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ შავ ზღვაში რეგულარულად მიმდინარეობს განაღმვითი მოქმედება, რადგან რუსეთი ნაღმებს პერიოდულად სამოქალაქო გემების დასაზიანებლად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აკონტროლებს საკუთარ წყლებს, უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსული ავიაცია ჯერ ისევ რჩება აქტიური ჰაერში.
ყირიმში გააქტიურებული თავდასხმების ფონზე რუსეთმა საზღვაო სამხედრო ბაზის გახსნა საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში – აფხაზეთში, ოჩამჩირეში დააანონსა.