უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიფინგზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაემუქრა, - იტყობინება უკრაინული მედია.

უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროკავშირში „ერთი ადამიანი“ არ დაბლოკავს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის რეპარაციული სესხის გაცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის ნომერი მიეწოდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, „რათა მათ შეძლონ მასთან დაკავშირება და მათ ენაზე საუბარი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, ანუ 90 მილიარდის პირველ ტრანშს და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ ადამიანის მისამართს მივცემთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს, რათა მათ შეეძლონ მასთან დაკავშირება და მათ ენაზე საუბარი“, - განაცხადა ზელენსკიმ ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას დაახლოებით 1,5 თვე სჭირდება, რათა ჰქონდეს ტექნიკური შესაძლებლობები ნავთობსადენ „დრუჟბას“  შეკეთების დასაწყებად, მაგრამ ის არ არის დარწმუნებული, რომ „ეს საკმარისია ამ ადამიანისთვის“.

ზელენსკის თქმით, უკრაინა 19 მარტს ევროპის საბჭოს სხდომას ელოდება და 90 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით „დადებით გადაწყვეტილებას იმედოვნებს“.  




შეგახსენებთ, რომ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს უნდა გაიმართოს, ვოლოდიმირ ზელენსკის კი დაუფარავად აქვს გაცხადებული ორბანის დამარცხების სურვილი.

„უნგრეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ მას სამხედრო წონა არ აქვს. მე მასთან არ ვსაუბრობ, რადგან მას არ სურს, მაგრამ  რობერტ ფიცოსთან კონტაქტს ვინარჩუნებ. მე მჯერა, რომ ორბანი არჩევნებში დამარცხდება და შემდეგ ჩვენ შევძლებთ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში.