ჩრდილოკორეული რაკეტა, რომელიც რუსებმა კიევზე იერიშისთვის გამოიყენეს, სულ მცირე 116 უცხოურ კომპონენტს შეიცავდა, რომელთა უმეტესობა ამერიკული წარმოების იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყველა ინფორმაცია რაკეტასთან დაკავშირებით,  რომლითაც ოკუპანტებმა დედაქალაქს შეუტიეს, ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა "უკვე ნათელია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებია".

"რუსეთზე ზეწოლის არარსებობა მას საშუალებას აძლევს, ასეთი რაკეტები და სხვა იარაღი აქ, ევროპაში გამოიყენოს. ჩრდილოეთ კორეასა და მის თანამზრახველებზე ზეწოლის არარსებობა შესაძლებელს ხდის, ასეთი ბალისტიკური რაკეტები აწარმოოს.

რაკეტა, რომელიც კიეველების დაღუპვის მიზეზი გახდა, შეიცავდა სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ სულ მცირე 116 კომპონენტს და სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ამერიკული კომპანიების მიერ იყო წარმოებული.

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერ ომში ძალიან სწრაფად შეიძლება ჩაერთოს მრავალი სხვადასხვა მოთამაშე და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდა, ყოველთვის იცავს თავს არა ერთი ადამიანისგან, არამედ თანამზრახველთა ჯგუფისგან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაცვა ასევე კოლექტიურ ძალისხმევას ეფუძნებოდეს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.