უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-მ და რუსეთმა შესაძლოა უკრაინის მონაწილეობის გარეშე მიაღწიონ ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც შესაძლოა უკრაინასაც შეეხოს.
"პოტენციური რისკების გათვალისწინებით, უკრაინულმა დელეგაციამ დააფიქსირა პოზიცია, რომ თუ რუსეთსა და აშშ-ს შორის რაიმე ორმხრივი შეთანხმება დაიდება, უკრაინასთან დაკავშირებული დებულებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას" - თქვა მან.
Kyiv Independent წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა საუბრისას ტერიტორიულ საკითხებზე მიანიშნა.
ზელენსკის თქმით, კიევი იღებს სადაზვერვო სიგნალებს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შესაძლოა ორმხრივი შეთანხმებები გაფორმდეს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე.
"დაზვერვამ ე.წ. 'დმიტრიევის პაკეტის' შესახებ მომცაწიდა ინფორმაცია, რომელიც მან აშშ-ში წარადგინა. პაკეტის მოცულობა დაახლოებით 12 ტრილიონ დოლარს შეადგენს" - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნული პაკეტი აშშ-სა და რუსეთს შორის მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობისთვის შემოთავაზებულ ჩარჩოდ აღწერა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევს აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლო აშშ-რუსეთის ორმხრივ დოკუმენტებში შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებული დებულებებიც შევიდეს.
"ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ უკრაინა არ დაუჭერს მხარს ჩვენს შესახებ თუნდაც პოტენციურ შეთანხმებებს ჩვენს გარეშე" - განაცხადა მან.







