უკრაინის არმია კვლავ წააწყდა Starshield-ის — Starlink-ის თანამგზავრული კავშირის "სამხედრო პაკეტის" — სიჩქარის შეზღუდვას. "ჩვენი ქვედანაყოფები, სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე დღეა, აფიქსირებენ მნიშვნელოვან შეფერხებებს Starshield-ის მუშაობაში უკრაინის ტერიტორიაზე: მთელი ფრონტის ხაზზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, Starshield-ის მუშაობის შეზღუდვა გამოვლინდა საათში 161 კილომეტრის სიჩქარეზე.
უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეამოწმეს შეფერხებების გამომწვევი მიზეზები, დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა. "ეს არ არის შემთხვევითი შეცდომები, არამედ სიჩქარის სისტემური შეზღუდვაა", — აღნიშნა მან.
"ჩვენთვის საქმე ეხება, პირველ რიგში, რუსული რეაქტიული დრონების ჩამოგდების პროცესის მნიშვნელოვან გართულებას", — განმარტა ზელენსკიმ. მისი თქმით, რამდენიმე შემთხვევაში უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება ჩამომგდები სისტემების არასაკმარისი სიჩქარის გამო უკვე ვეღარ მოხერხდა, რამაც დარტყმები გამოიწვია. ოფიციალური კიევი ამერიკულ მხარესთან გარემოებების გარკვევას ცდილობს.
უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შეზღუდვები 14 ოქტომბრიდან შეინიშნებოდა. ამასთან, 23 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა უკრაინას თანამგზავრული კავშირის ამ სისტემაზე სრულფასოვანი წვდომა აღუდგინა. მომდევნო დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში Starshield-ის მუშაობა საათში 400 კმ-ზე მეტ სიჩქარეზე აღდგა და კავშირი სტაბილურია.
ამავდროულად, თეთრი სახლის ლიდერმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვინ გასცა შეზღუდვების მოხსნის განკარგულება. მანამდე, როგორც ტრამპი, ისე SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი უარყოფდნენ, რომ რომელიმე მათგანმა Starlink-ის მუშაობის სიჩქარის შენელების ბრძანება გასცა. ამასთან, მასკმა უკრაინელი სამხედროები Starlink-ის შეტევითი ოპერაციებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.




