ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის გახსნის ცერემონიაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზი ძლიერ სინერგიულ ეფექტს მისცემს ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ ძალისხმევას შუა დერეფნის განვითარების მიზნით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ახალი ტიპის დერეფანია. ეს არ არის სატრანსპორტო დერეფანი, არამედ რაღაც ახალი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში, გაციფრულების ეპოქაში ეწერება. ეს თანამშრომლობის ფუნდამენტურად ახალი ფორმატია, შუა დერეფნის ერთგვარი ციფრული განსახიერება“, – აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის გაშვებას ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა.

„ეს პროექტი თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი წვლილია, რადგან ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზით ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და უფრო ფართო გეოგრაფიული არეალში მყოფი ქვეყნები ისარგებლებენ. დღეს ჩვენ გლობალური პროექტი დავიწყეთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

შეთანხმება უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის სიმძლავრის სინქრონულ გაფართოებას, აღმოფხვრის შეფერხებებს რკინიგზის, საავტომობილო და პორტის მონაკვეთებზე და ერთობლივად განავითარებს ფსკერის დამაღრმავებელ ფლოტსა და საზღვაო გადაზიდვებს კასპიის ზღვაში. დოკუმენტის ძირითადი ნაწილი ტრანსპორტირების მასშტაბურ გაციფრულებას ეთმობა, რაც მოიცავს საინფორმაციო სისტემების ინტეგრაციას, „ერთი ფანჯრის“ პრინციპის გამოყენებას, ტვირთის სრულ მიკვლევადობას და ელექტრონული ციფრული ხელმოწერების ურთიერთაღიარების შესახებ ცალკეული შეთანხმების დადებას.

გარდა ამისა, შეთანხმება მნიშვნელოვნად ამარტივებს ადმინისტრაციულ, სასაზღვრო და საბაჟო პროცედურებს წინასწარი შეტყობინების დანერგვით, შემოწმებების მინიმიზაციით და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსის ურთიერთაღიარებით.