ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის მთავრობის გადადგომის შესახებ. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდის საშუალებით ხდება ცნობილი.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლზე დაყრდნობით მიიღო.

"ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიღებულ იქნეს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა.

2. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობები დროებით დაეკისროს რომან ვასილიევიჩ სკლიაარს.

3. ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები აგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

4. ეს განკარგულება ამოქმედდება მისი ხელმოწერის დღიდან", - წერია პრეზიდენტის განკარგულებაში