მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე 28 120 ლტოლვილი ჩავიდა. 3 200-ზე მეტ ადამიანს, ვისაც საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ მთავრობა ფართებს გამოუყოფს.

სტეპანაკერტიდან სომხეთის მოსაზღვრე ქალაქ კორნიძორამდე  ავტომაგისტრალზე ავტომობილების გრძელი რიგებია. ზოგიერთი მათგანი საზღვრის გადაკვეთას საათობით ელოდება.

ეთნიკურმა სომეხმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლების დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი სრულად აღადგინა.

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა საერთო ჯამში140 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ რეგიონს დატოვებს და სომხეთში გადასახლდება ფაქტობრივად მთელი სომხური მოსახლეობა.

"მთიანი ყარაბაღის 120 000 ეთნიკური სომეხი გაემგზავრება სომხეთში, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის", - განუცხადა ბაბაიანმა სააგენტო Reuters-ს.