უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა ომამდელი სახმელეთო არმიის 87% დაკარგა, მათ შორის საუბარია ასი ათასობით ჯარისკაცზე და ათასობით ტანკსა და სხვა ტიპის შეიარაღებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal აშშ-ს დაზვერვის მიერ მომზადებულ საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე კონგრესის წევრებს გააცნეს. 

კონგრესში გაზეთის წყაროს ცნობით, რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგები ბოლო მონაცემებით 315 ათასს შეადგენს - საუბარია მოკლულების, დაჭრილებისა და დაკარგულების ჯამურ რიცხვზე. გაზეთის შეფასებით ომამდე რუსეთის არმიის საბრძოლო დანაყოფებში სულ 360 ათასი ჯარისკაცი ირიცხებოდა, ამგვარად უკრაინაში განცდილი დანაკარგები ცოცხალი ძალის 87%-ს შეადგენს.

ამავე წყაროს ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში სატანკო პარკის 2/3 დაკარგა - საუბარია ჯამურად 2 200 ტანკზე, ომის დაწყების მომენტში რუსეთის არმიის განკარგულებაში 3 500 ტანკი იყო.