The Washington Post-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიმდინარე წელს 1 მილიონი ემიგრანტის დეპორტაციას სურს, რითაც ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი დეპორტაციების აგრესიული პოლიტიკა აიხსნება. 

აშშ-დან 1 წელიწადში 1 მილიონი ემიგრანტის დეპორტაცია რეკორდული მაჩვენებელი იქნებოდა და უკვე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს მკვეთრად გადააჭარბებდა. წელიწადში ყველაზე დიდი რაოდენობის იმიგრანტების აშშ-დან დეპორტაცია ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის დროს მოხდა, 2013 წელს, როდესაც ქვეყნიდან 400 000-ზე მეტი პირი გააძევეს. 

როგორც Washington Post წერს, დეპორტაციის უკვე არსებული სტატისტიკა ტრამპის ადმინისტრაციის მიზანს, სულ მცირე, არარეალისტურად წარმოაჩენს, ვინაიდან გეგმის განხორციელებისთვის საკმარისი თანხები და მომსახურე პერსონალი არ არსებობს. ამასთან, იმიგრანტთა უმრავლესობას უფლება აქვს, ქვეყნიდან გაძევებამდე სასამართლო მოსმენა მოითხოვოს. 

2 მოქმედი მაღალჩინოსნის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტთან და სხვა ფედერალურ სააგენტოებთან აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად თეთრი სახლის მრჩეველი სტივენ მილერი თითქმის ყოველდღიურად თანამშრომლობს. 

ერთ-ერთი სტრატეგია, რომ დეპორტირებული პირების რიცხვი სწრაფად გაიზარდოს, ანონიმური წყაროების თქმით, იმ 1.4 მილიონი ემიგრანტის გაძევებისთვის საჭირო გზების პოვნაა, რომლებისთვისაც დეპორტაციის ბრძანება უკვე გაცემულია, თუმცა ეს ვერ ხერხდება, ვინაიდან თავიანთი ქვეყნები მათ უკან არ იღებენ. 

წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციას დეპორტირებული პირების მიღების საკითხზე ისეთ 30-მდე ქვეყანასთან აქვს კომუნიკაცია, რომელთა მოქალაქეობასაც აღნიშნული იმიგრანტები არ ფლობენ. სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ადმინისტრაცია წერდა, რომ აშშ-დან ასეთ ქვეყნებში (ასევე ცნობილი, როგორც "მესამე ქვეყნები") "ათასობით" ემიგრანტის გაგზავნას იმედოვნებდა.