7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმიდან დღემდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში აშშ-ის მიერ მიწოდებული 22 000-მდე მართვადი და უმართავი რაკეტა გამოიყენა,– იუწყება ამერიკული გამოცემა Washington Post კონგრესისთვის მიწოდებულ გაუმჟღავნებელ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
Washington Post-ის ცნობით, ომის განმავლობაში ამერიკამ ისრაელს მიაწოდა სულ მცირე, 15 000 ბომბი, რომელიც 900 კილოგრამიან ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბებსაც მოიცავს, და 50 000-ზე მეტი 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვი.
ისრაელის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი ამერიკაში ჯერჯერობით გადაუწყვეტელი რჩება. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აშშ-ის კონგრესში ისრაელისა და უკრაინის დახმარების, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.