30 მარტს, გვიან საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვაში შედეგის უქონლობის გამო მაროკოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი და „ასევე დაბრუნდა ელჩი საქართველოდან”.

საქართველოში უკრაინის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევის და გაწვევის მიზეზის შესახებ ინფორმაცია 1 მარტს გავრცელდა.

„დაუყოვნებლივ გავიწვევთ ელჩებს ყირგიზეთიდან - უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლების გამო, და საქართველოდან - უკრაინაში ჩამოსვლის მსურველი მოხალისეებისთვის წინაღობების შექმნის და სანქციების მიმართ ამორალური პოზიციის გამო,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 მარტის ვიდეომიმართვაში.

იმავე დღეს საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა კიევში გაწვევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დაგროვდა ბევრი ისეთი საკითხი, რომლის განხილვაც ტელეფონით არ ხდება.

„ჩემი აზრით, თქვენ კარგად მოგეხსენებათ. რაც მოხდა. არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება განვიხილოთ... განსახილველი ბევრია, მაგრამ ასეთი საკითხები ტელეფონით არ განიხილება. მომეცა ინსტრუქცია, ჩავიდე კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტისთვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთის ხელსაყრელია" და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 1 მარტს კიევში კონსულტაციებისთვის გაწვეული უკრაინის ელჩის თბილისში დაბრუნება სთხოვა.

„როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში, ასევე დღეს, აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი", - მიმართა ზურაბიშვილმა ზელენსკის.

„საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქმიანობას არ დაბრუნებია, ის კვლავ გაწვეულია და გადის კონსულტაციებს კიევთან“, „საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ელჩი დაუბრუნდება საქმიანობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაცნობებთ“ – განაცხადა 15 მარტს საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა და დასძინა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ელჩის შესახებ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, 30 მარტს კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვაში შედეგის უქონლობის გამო მაროკოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი და „ასევე დაბრუნდა ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემის მიუხედავად: <თუ> არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, მოძებნეთ სხვა სამუშაო”.

საქართველოში უკრაინის ელჩისგან განსხვავებით, მაროკოში უკრაინის ელჩის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 30 მარტს გაკეთებულ განცხადებამდე, არც უკრაინის და არც მაროკოს პრესაში არანაირი ნეგატიური ინფორმაცია არ გავრცელებულა.



გაუგებრად მიიჩნევს გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ რაბატის სუისის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პროფესორი აბდელ ნაბი საბრი.

„ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება გამოიძახოს თავისი ელჩი", მაგრამ გაუგებარია, რატომ განაცხადა ამის შესახებ ასეთი ფორმით პრეზიდენტმა, რატომ ჩაერია იგი და არ მიანდო ამ საკითხი გადაჭრა საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ ელჩი არ იყო კომპეტენტური და მან ვერ შეძლო დაერწმუნებინა მაროკო უკრაინის მხარდაჭერაში, თუ მაროკოს პოზიცია გაეროში გახდა ელჩის გაწვევის მიზეზი, რატომ არ გაიწვიეს ელჩები სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად ისეთიდან, როგორიცაა ალჟირი, - ამბობს აბდელ ნაბი საბრი achkayen-თან ინტერვიუში.

მარაკეშის კადი აიადის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პროფესორი აბდელ ფატაჰ ბალამჩი აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ არ ახსენა მაროკოს პასუხისმგებლობა და მის მიერ ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება შესაძლებელია აღვიქვათ როგორც უკრაინულ დიპლომატიასთან დაკავშირებული ღონისძიება, როგორც პირადად პრეზიდენტის მიერ ელჩით უკმაყოფილება. ამასთან იგი მიიჩნევს, რომ მაროკოდან უკრაინის ელჩის გაწვევა მხოლოდ დასაწყისია და ზელენსკი ანალოგიურ ნაბიჯებს სხვა ქვეყნებში უკრაინის ელჩების მიმართაც გადადგამს.

hespress-ი დიპლომატიურ წრეებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის უკმაყოფილების მიზეზი, შესაძლოა, გახდა მაროკოს მთავრობის უარი რუსეთის წინააღმდეგ „რადიკალური“ პოზიციების დაკავებაზე და ხელის შეშლა უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე.

საერთაშორისო ურთიერთობათა დარგის ანალიტიკოსმა და ექსპერტი მოჰამედ ალ-ტაიარის თქმით, ელჩის გაწვევა იმ საბაბით, რომ მან ვერ შეძლო მაროკოს დარწმუნება ყოფილიყო უკრაინის მხარეს, არის უკრაინული მხარის მიერ მაროკოს პოზიციის ინტერპრეტაციის საკითხი.

„მაროკოს პოზიცია არაფრით განსხვავდება მრავალი ქვეყნის პოზიციისგან. მაგალითად, თურქეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია და მიუხედავად მისი გეოგრაფიული სიახლოვისა და ომის მასზე პირდაპირი გავლენისა, აირჩია ნეიტრალური პოზიცია და ომის შეწყვეტის მიზნით მხარეების პოზიციების დაახლოებაზე მუშაობს". აქედან გამომდინარე, უკრაინის ელჩის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არის უკრაინის შიდა საქმე, ხოლო მაროკოს ნეიტრალური პოზიცია არის მრავალწლიანი დიპლომატიის წინდახედულობაზე, გამჭრიახობაზე, ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემის და დავების დიალოგის გზით გადაწყვეტის პრინციპზე დაფუძნებული სუვერენული გადაწყვეტილება", - დასძენს ალ-ტაიარი.

მაროკომ რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალური პოზიციის დაკავების შესახებ 26 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ადასტურებს თავის მხარდაჭერას გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ერთიანობისადმი", ადასტურებს, რომ შეშფოთებით და წუხილით ადევნებს თვალს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სიტუაციის განვითარებას და აცხადებს, რომ წაახალისებს დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშემწყობ ყველა ინიციატივას და ღონისძიებას.

2 მარტს, გაეროს სესიაზე თავის წარმომადგენლის გამოუცხადებლობათან დაკავშირებით მაროკომ განაცხადა, რომ სამეფომ გადაწყვიტა არ მიიღოს მონაწილეობა რეზოლუციის (რუსეთის უკრაინაში შეჭრის დამგმობ - „აიპრესი") კენჭისყრაში და აღნიშნა, რომ „კვლავ შეშფოთებით და წუხილით ადევნებს თვალს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სიტუაციის განვითარებას".



24 მარტს მაროკომ კვლავ არ მიიღო მონაწილეობა რეზოლუციის კენჭისყრაში, რომელიც ამჯერად 140 ხმით მიიღეს.



რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციის დაკავებაზე მაროკოს უარი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან რაბატი MENA-ს (Middle East and North Africa) რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება და განსხვავებით მის მეზობელ და დასავლეთ საჰარაზე პრეტენზიის მქონე, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან რუსეთის იარაღის ერთ-ერთ მთავარ შემსყიდველ (5 მლრ დოლარზე მეტი ღირებულების) და ალჟირულ-რუსული ალიანსის მეშვეობით ევროპისთვის რუსეთის შემდეგ გაზის ყველაზე დიდი რაოდენობით (30 მლრ კუბ.მ) მიმწოდებელი ალჟირისაგან, რუსულ იარაღს თითქმის არ შეისყიდის და მას რუსეთთან ბევრად ნაკლებად ახლო ურთიერთობა აქვს.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე ჰკითხა 29 მარტს, თეთრ სახლში გამართულ ენტონი ბლინკენის და ნასერ ბურიტას ერთობლივ კონფერენციაზე, „როიტერის" კორესპონდენტმა ჰუმეირა პამუკმა მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ახლო აღმოსავლეთი ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, არცთუ აქტიურად რატომ უჭერს მისი ქვეყანა მხარს უკრაინას, რატომ არ მიიღო მან მონაწილეობა კენჭისყრაში და რატომ არ არის ის უფრო მეტად კრიტიკული რუსეთის მიმართ.

კითხვას ნასერ ბურიტას ჯერ ღიმილი, შემდეგ ხმადაბალი და ბოლოს, ხმამაღალი სიცილი მოჰყვა, მან თავი აარიდა კორესპონდენტის კითხვაზე პირდაპირ პასუხს და არაერთხელ ნათქვამი სიტყვები გაიმეორა: „მაროკოს პოზიცია უკრაინის მიმართ ძალიან მკაფიოა და არაერთხელ გამოთქმულია. ჩვენ როგორც უკრაინის, ასევე გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ერთიანობის მომხრე ვართ. ჩვენ დავების გადაწყვეტისას ძალის გამოყენების ან ძალაზე აპელირების წინააღმდეგი ვართ. ჩვენ საკითხების მოსაგვარებლად კონსტრუქციული კეთილმეზობლური ურთიერთობების, დიალოგისა და მოლაპარაკებების მომხრე ვართ. ეს იყო ჩვენი პოზიცია. ეს გასაგებია და შეესაბამება გაეროს წესდებას. ეს შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რომლებისაც გვჯერა

ექსპერტთა ნაწილი მაროკოს პოზიციას განმარტავს როგორც „ბრძნულ ნაბიჯს", რომელიც საშუალებას მისცემს მას აირიდოს არასაჭირო დავა ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია. სხვები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ან უკრაინის მხარის დაჭერა განაახლებს დებატებს დასავლეთ საჰარაზე მაროკოს სუვერენიტეტის შესახებ.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მაროკოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ განცხადების გაკეთებიდან ერთი დღის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტელეფონით ესაუბრა მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრ ნასერ ბურიტას და, როგორც anbaa. info წერს, ამ ნაბიჯით „უკრაინამ მაროკო დაამშვიდა".

„უკრაინა და მაროკო ინარჩუნებენ მეგობრულ ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენ ველით მათ შემდგომ გაძლიერებას ყველა სფეროში, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების (მაროკო უკრაინული ხორბლის მომხმარებელია - „აიპრესი"), ვაჭრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას", - წერს დმიტრო კულება ტვიტერზე.




უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე აგრეთვე ავრცელებს მაროკოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.



და ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტის საიტზე იძებნება მაროკოში უკრაინის ელჩის, ოქსანა ვასილიევას გათავისუფლების ბრძანებულება



ანალოგიური ბრძანებულება საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 1 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გამოცემულ ბრძანებულებებს შორის არ იძებნება.