უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 2 აპრილს, ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანაში სამობილიზაციო ასაკი 27-დან 25-მდე მცირდება.
აღნიშნული კანონპროექტი უკრაინის პარლამენტმა 2023 წლის მაისში მიიღო, თუმცა, მას შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდებოდა. პარალელურად, ბოლო თვეებში პარლამენტი ჯარში გაწვევის წესების გასამკაცრებლად ცალკეული კანონპროექტის მიღებას განიხილავდა.
ზელენსკის ამ გადაწყვეტილებით უკრაინას რუსეთთან საომრად დამატებითი ძალების მობილიზება გაუმარტივდება. ზელენსკის მიერ ხელმოწერის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პარლამენტში კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია განახლდა.
ხელმოწერამდე ზელენსკის ნათქვამი ჰქონდა, რომ კანონპროექტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერდა ხელს, თუკი ამისთვის საკმარის დამაჯერებელ არგუმენტებს მოისმენდა.