უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა,

კერძოდ, ის მიიჩნევს, რომ პრობლემური ტერიტორიების საკითხი ხვალ ვერ მოგვარდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ხვალ უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება. მომზადდება ეკონომიკური დოკუმენტაცია. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ 20-პუნქტიან გეგმაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე და ასევე კეთილდღეობის პაკეტზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვთან ერთად, ეკონომიკური ჯგუფი გაემგზავრა.

"დიალოგის დროს ისინი წამოჭრიან ყველა საკითხს და ომის დასრულების ნაბიჯების თანმიმდევრობას", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ამერიკელები ცდილობენ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას.

"მიმდინარე სირთულეები სამხედრო კომპონენტს არ უკავშირდება. ეს საკითხი გუშინ ჩვენს პარტნიორებთან წამოვწიე — არა სამხედრო კონტექსტში. სამმხრივ დონეზე უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის გენერლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, როდესაც ეს დადგება. პრობლემა ისაა, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება ამ ომის შესაჩერებლად და ტერიტორიების საკითხის მოსაგვარებლად.

ეს რთულია — ეს არის ის, რაც გვაქვს. ჩვენ შორის ახალი არაფერია. ისინი ხვალ შეეცდებიან საუბარს და ვფიქრობ, მარტის პირველ დღეებში სამმხრივ დონეზე ისაუბრებენ. იმედი მაქვს, შეხვედრა გვექნება", - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღის წესრიგში ასევე იქნება ტყვეების გაცვლის საკითხი:

"სწორედ აქ ვართ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ხვალ ზუსტი შედეგი გვექნება, კერძოდ, ტერიტორიებთან დაკავშირებით. რადგან ეს საკითხი, ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს საკითხი, ჩემი აზრით, ლიდერების დონეზე უნდა დაისვას", - განაცხადა ზელენსკიმ.