ვიზიარებ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება ყირიმის დასაბრუნებლად, მაგრამ მსოფლიოს შეუძლია, გამოიყენოს ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, რუსეთის მიერ 24 აპრილს განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
“მე ვიზიარებ პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება, რათა დაიბრუნოს კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო გზით, თუმცა მსოფლიოს შეუძლია დააწესოს სანქციები და გამოიყენოს ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვა საშუალებები, რათა ისაუბროს ამაზე და განიხილოს ტერიტორიული საკითხები, ეს კი მხოლოდ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა მზადაა, ნებისმიერ პირთან და ყველა საკითხზე სასაუბროდ, თუმცა მხოლოდ უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
“უპირობო ცეცხლის შეწყვეტა იძლევა შესაძლებლობას ვისაუბროთ ყველაფერზე და ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმატით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ამას, ნებისმიერ პირთან ამ ფორმატში ნებისმიერ დროს. თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მივიღებთ რეალურ სიგნალს, რომ რუსეთი მზადაა დაასრულოს ომი. ეს სიგნალი უნდა იყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა , რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ დროებით აქვს დაკავებული რუსეთს და კიევი მათ დე იურე რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებს.
„დროებით ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ დროებით არის ოკუპირებული, მაგრამ ისინი ყველა უკრაინას და უკრაინელ ხალხს ეკუთვნის. უკრაინა არ აღიარებს დე იურე არანაირ უფლებებს მათზე. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერი პოზიცია უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი