უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა რობერტ ფიცოსთან საუბარი მნიშვნელოვნად შეაფასა.
„მადლობა ამ ვიზიტისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შორის ეს დიალოგი არსებობს. ჩვენ ამას განვაგრძობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავისი საუბრის შესახებ, ასევე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შედეგების თაობაზე.
ამასთან, ზელენსკის თქმით, სლოვაკეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარს უჭერს.
„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან არსებითი საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი თემები – პრინციპული საკითხები უკრაინისთვის და პრინციპული საკითხები სლოვაკეთისთვის. მე მივაწოდე ინფორმაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გუშინდელი საუბრის, „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან ჩვენი მუშაობის შესახებ მშვიდობის ხელშეწყობის, უკრაინის უსაფრთხოებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფის მიზნით. სლოვაკეთი არ იდგება განზე. პრემიერ-მინისტრმა მომიყვა ჩინეთში მისი კონტაქტების შესახებ.
ცალკე და მნიშვნელოვანი თემა იყო ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა – რუსულ ნავთობს, ისევე, როგორც რუსულ გაზს, მომავალი არ აქვს. სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ აზრს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთად უნდა გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებში აქ, ჩვენს რეგიონში, აძლიერებს ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს. გმადლობთ შეხვედრისთვის. მნიშვნელოვანია, გვქონდეს ეს დიალოგი და ჩვენ გავაგრძელებთ მას“, – დაწერა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში.
თარგმანი: პირველი არხი