უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული იერიშის შედეგად ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება სამი საათის განმავლობაში იყო შეჩერებული და შეუძლებელია, რომ რუსეთს ასეთი შედეგების შესახებ წინასწარ არ სცოდნოდა. ამის შესახებ ზელენსკი საკუთარ Telegram არხზე წერს.

"რუსებს არ შეეძლოთ, არ სცოდნოდათ, რომ სლავუტიჩში ობიექტებზე დარტყმას ჩერნობილისთვის ასეთი შედეგები ექნებოდა. თანაც, ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა, რომლის ფარგლებშიც 20-ზე მეტი დრონი გამოიყენეს - წინასწარი ინფორმაციით, რუსულ-ირანული Shahed-ები. ამ დრონების ნაწილი ჩამოგდებულია, მაგრამ იერიში დრონების ტალღად იყო ორგანიზებული, რათა ობიექტის დაცვა გართულებულიყო". - წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მერვე დღეა, რაც ელექტროენერგიის მიწოდება შეჩერებულია, რაც სადგურის ტერიტორიაზე რუსულმა შეტევებმა გამოიწვია, ხოლო რუსული მხარე სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. 

"რუსეთი რადიაციული ინციდენტების საფრთხეს განზრახ ქმნის და, სამწუხაროდ, IAEA-სა და მისი ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის სუსტი პოზიციით და გლობალური ყურადღების გაფანტულობით სარგებლობს". - წერს ზელენსკი. 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ "ძლიერი რეაგირება" არის საჭირო.

"მნიშვნელოვანია, რომ ევროპის, აშშ-ს, დიდი შვიდეულისა და დიდი ოცეულის ქვეყნებმა მშვიდობისთვისა და უსაფრთხოებისთვის რეალურად მოქმედებს, შესაძლებელი ასი პროცენტით. საჭიროა ძლიერი რეაგირება და რუსეთზე შესაბამისი ზეწოლა სიცოცხლის დაცვის მიზნით. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც არ დუმს". - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინაში, ქალაქ სლავუტიჩში რუსული იერიშების შედეგად ჩერნობილის ელექტროსადგურის ობიექტებზე საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა და ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა.