უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კონფლიქტის ფრონტის ხაზზე გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს. ზელენსკის თქმით, მისთვის პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.

„ჩვენი მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე იქ მცხოვრებ ადამიანებს ეხებათ. საქმე კილომეტრებში არ არის. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ მიწის, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ტერიტორიებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულია, რუსეთის ტერიტორიებად არავინ აღიარებს და მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ამას ხვდება. სამწუხაროა, თუ ვინმე ვერ ხვდება, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი „ისტორიის არასწორ მხარესაა“ მას შემდეგ, რაც მან რუსული საწვავის შესყიდვის შესახებ მოსკოვთან შეთანხმება მიიღო, რითაც ხელი შეუშალა რუსეთის იზოლაციის საერთაშორისო ძალისხმევას.

„პუტინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ძალიან ნათელია. ვფიქრობ, თუ სანქციებს მოვხსნით, მას უფრო ძლიერს გავხდით. ეს ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის პირადული საქმე არ არის და, რა თქმა უნდა, მე სანქციების ნებისმიერი სახით მოხსნის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ადამიანების სიცოცხლით „თამაშობს“.

„პუტინი თამაშობს, იცით, ის მოთამაშეა. სამწუხაროა, რადგან ის სხვა ადამიანების სიცოცხლეებით თამაშობს და არ სურს ომის შეჩერება. ჩვენი პარტნიორებისგან გვინდა, რომ მას არ მივცეთ შესაძლებლობა, იყოს უფრო ძლიერი და გაგვანადგუროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.