უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოსკოვში მყოფ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს – ჯარედ კუშნერსა და სტივ უტკოფს ტელეფონით ესაუბრა.
მისივე თქმით, მომლაპარაკებლებმა მას პირობა მისცეს, რომ რუსეთიდან უკრაინის მიმართულებით საჰაერო დარტყმები დროებით შეწყდება. პარალელურად კი, უკრაინა სამი დღის განმავლობაში რუსეთზე თავდასხმებს შეწყვეტს.
„ჩვენ ახლახან ვესაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებს. მათ დღეს უკვე დაიწყეს მუშაობა რუსულ მხარესთან. ჩვენი ამ საუბრის მომენტიდან ისინი მზად არიან, დაიცვან საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ქალაქებზე. ამ მომენტიდან შაბათის, კვირას და ორშაბათს დღის ბოლომდე უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმებისგან და ჩვენ ველით, რომ რუსები იგივეს გააკეთებენ კიევთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან მისი თქმით, 6 სექტემბერს კიევში კუშნერსა და უიტკოფს ელოდება.
„დიპლომატიურ გზაზე ჩვენი ქმედებები უნდა იყოს და იქნება ასი პროცენტით ძლიერი და ეფექტური. დამტკიცდა ხვალ კიევში ამერიკული გუნდის მონაწილეობით დაგეგმილი დიპლომატიური ღონისძიებების გეგმა. ველოდებით სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და მზად ვართ არსებითი საუბრისთვის. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთანაა“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მორიგი ძალისხმევის ფარგლებში რუსეთში დღეს ჩავიდნენ. მომლაპარაკებლები მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში სპეციალური რეისით ჩაფრინდნენ, სადაც მათ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა. მომლაპარაკებლებს დაგეგმილი აქვთ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა.














