უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ მკაცრად ისაუბრა საომარი მოქმედებების პარალელურად არჩევნების შესაძლო ჩატარებაზე და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის "ცუნამის" ტოლფასი იქნება. 

უკრაინის ლიდერის განცხადებით, სრულმასშტაბიანი ომის ფონზე არჩევნების დანიშვნა კოლოსალურ რისკებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა, სახელმწიფოს შიგნიდან გახლეჩა და განადგურება გამოიწვიოს:

"მე მიმაჩნია, რომ ასეთი ომის დროს არჩევნები, ზოგადად, დიდი რისკია. ახლა არჩევნები სახელმწიფოსთვის ცუნამის ტოლფასია, რომელიც უკრაინას გახლეჩს. ამიტომ, ჩემი სტრატეგიაა, მივიყვანო ქვეყანა ომის დასასრულამდე და შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. და მე ამას ვასრულებ", — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე პირობებში შეუძლებელია ხმის მიცემის სრულად უსაფრთხო, ლეგიტიმური და დემოკრატიული პროცესის უზრუნველყოფა მილიონობით მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფი ლტოლვილებისთვის, ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროებისა და ოკუპირებულ ან მუდმივი საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ზელენსკის თქმით, მთავარი პრიორიტეტი ამჟამად ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოებაა, ხოლო ყოველგვარი პოლიტიკური პროცესი და არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განიხილებოდეს, რაც ომი დასრულდება.