უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, მას თეთრი არწივის ორდენი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამო ჩამოართვა.

"ამაში გამოკვეთილად ვხედავ საარჩევნო პროცესს. 2027 წელს პრემიერმინისტრის არჩევნები აქვთ. პრეზიდენტი კაროლი პრემიერის სკამისთვის იბრძვის, რათა მისმა პარტიამ პრემიერი ტუსკი დაამარცხოს. ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ, ეს მათი საშინაო საკითხია." - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ნავროცკი შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უკრაინელებისადმი ზიზღს აღვივებს.

"ეს არის ის, რასაც ორბანი აკეთებდა. ეს ცუდი ამბავია. ვთვლი, რომ ეს ცუდად დასრულდება... სიძულვილით პოლიტიკური დივიდენდების გამომუშავება არ შეიძლება, რადგან ეს გრძელ ვადაში ერებს შორის ცუდ ურთიერთობამდე მიგვიყვანს" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, როცა ის პოლონეთში ნავროცკის შეხვდა, მისგან საჩუქრად მიიღო წიგნი ვოლინის ტრაგედიაზე.

"მე მასთან მივედი, პირველი ვიზიტი იყო და მან ხელის ჩამორთმევის დროს მაჩუქა წიგნი ვოლინის ტრაგედიაზე. მე ამაზე არ ვლაპარაკობ. ხალხისთვის არ მომიყოლია, ამ ფაქტთან ერთად წყნარად ვცხოვრობ. ახლა ამაზე ღიად ვლაპარაკობ, რადგან ის დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც მე არასწორი მიმაჩნია." - თქვა ზელენსკიმ.

19 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა, რადგან ზელენსკიმ ერთ-ერთ ქვედანაყოფს უკრაინის მეამბოხე არმიის სახელი მიანიჭა. ნავროცკიმ დაამატა, რომ პოლონეთი არ დაუშვებდა ევროკავშირში მათ შესვლას, ვისაც "ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტზე" უარის თქმის აუცილებლობა არ ესმის.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ, უკრაინის ელჩმა პოლონეთში და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, თქვეს, რომ პოლონეთისგან მიღებულ ჯილდოებს უკან აბრუნებდნენ. 20 ივნისს ზელენსკიმ თქვა, რომ ნავროცკის ორდენი ფოსტით გაუგზავნა. 20 ივნისს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა: ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ უარი თქვეს საკუთარ თეთრი არწივის ორდენებზე.