ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება და მის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს.

„ახლა ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. ცხადია, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინს არ აინტერესებს ვინ მოკვდება, სანამ ის თავის პოზიციას ინარჩუნებს.

პუტინმა უნდა დაკარგოს ყველაფერი, უნდა დაკარგოს ყველაფერი და აგოს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოფისი თავის ვებგვერდზე ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ იუწყება.

"2024 წლის 16 თებერვალს, No3 გამოსასწორებელ კოლონიაში, მსჯავრდადებულმა ა.ა. ნავალნიმ სიარულის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება", - ნათქვამია მოხსენებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულების სამედიცინო მუშაკები სასწრაფოდ მივიდნენ ადგილზე და "სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს".

"განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდადებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება", - ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში.

ალექსეი ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა განუცხადა Novaya Gazeta-ს, რომ მან ოთხშაბათს მოინახულა ნავალნი კოლონიაში და "მაშინ ყველაფერი კარგად იყო".