რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოფისი თავის ვებგვერდზე ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ იუწყება.
"2024 წლის 16 თებერვალს, No3 გამოსასწორებელ კოლონიაში, მსჯავრდადებულმა ა.ა. ნავალნიმ სიარულის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება", - ნათქვამია მოხსენებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულების სამედიცინო მუშაკები სასწრაფოდ მივიდნენ ადგილზე და "სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს".
"განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდადებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება", - ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში.
ალექსეი ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა განუცხადა Novaya Gazeta-ს, რომ მან ოთხშაბათს მოინახულა ნავალნი კოლონიაში და "მაშინ ყველაფერი კარგად იყო".