უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს ხვდება.
ზელენკი პირველი საერთაშორისო ლიდერია, რომელსაც პრემიერის რანგში ენდი ბერნემი მასპინძლობს.
ზელენსკიმ და ბერნემმა საზღვაო ბაზა მოინახულეს, სადაც ბრიტანეთის ხელმძღვანელობით უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სწავლება მიმდინარეობს.
ენდი ბერნემმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ 100 პროცენტით. პირადად მე თქვენს გვერდით ვარ, ბატონო პრეზიდენტო და სრულად დავიცავ თითოეულ ვალდებულებას, რომელიც ამ ქვეყანამ უკრაინის მიმართ აიღო. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას ბრძოლაში, რომ დაიცვათ თქვენი ერი. ჩვენ უკრაინული დრონების დასაცავად უზრუნველგყოფთ ახალი, ბრიტანული ჩამხშობი ტექნოლოგიით. ეს დაეხმარება მათ სამიზნეებზე დარტყმების მიყენებაში და უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენაში. ჩვენ მხარს დაგიჭერთ სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაში. უკრაინამ უკვე შეცვალა ამ ომის მსვლელობა. თქვენ სასარგებლოდ ატრიალებთ ვითარებას, რუსეთთან მიმართებაში. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მოლაპარაკებების განახლებისთვის, სადაც მაგიდასთან წარმოდგენილი უნდა იყოს უკრაინა და ევროპას უნდა ჰქონდეს ძლიერი ხმა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ბერნემმა.
თავის მხრივ, ახალ პრემიერს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.
„ჩვენი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსთან კიდევ უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. მადლობას ვუხდი ენდის მისი ერთგულებისთვის ამ პარტნიორობის მიმართ და თავდაცვისა და ჩვენი უსაფრთხოების მიმართ ასეთი ყურადღებისთვის. თავდაცვა და უსაფრთხოება მხოლოდ სიტყვები არაა. როდესაც ქვეყანა ინვესტიციას ახორციელებს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, პორტსმუტის მსგავსი ქალაქების ადგილობრივი საზოგადოებები, პორტები და გემთსაშენები სულ უფრო ძლიერდება და მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.










