უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობას აფართოებს და ელოდება, რომ ფხენიანი მოსკოვს ბალისტიკური რაკეტების გამშვებ ახალ დანადგარებს გადასცემს.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობას. რუსეთს სურს ჩრდილოეთ კორეიდან კიდევ 30 000 სამხედრო მოსამსახურის მიღება. მათ მისაღებად ვორონეჟის ოლქში მზადება ივნისიდან მიმდინარეობს. ასევე, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გამშვებ ახალ დანადგარებს ამზადებს“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ფხენიანს ომის წარმოების გამოცდილებას უზიარებს და მათ შეიარაღებას აუმჯობესებს, რაც აზიის რეგიონისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ, უკრაინის სადაზვერვო ინფორმაციით, კრემლი შემოდგომისთვის მობილიზაციის გაფართოებისთვის ემზადება და მშვიდობა ამ ეტაპზე რუსეთის გეგმებში არ შედის.
„ჩვენ გვაქვს დაზვერვის დეტალური ანგარიშები რუსეთის გეგმების შესახებ. ამ გეგმებში მშვიდობა არ შედის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეა. პუტინი მობილიზაციის გაფართოებისთვის პირობებს ამზადებს. მისი დანაკარგების მაჩვენებლები ამაზე თავად მეტყველებს. მიმდინარე წლის არასრული შვიდი თვის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 221 000 ადამიანი შეუერთდა. ამავე პერიოდში რუსეთის დანაკარგებმა თითქმის 225 500 სამხედრო შეადგინა, მათგან 131 000 დაიღუპა, თითქმის 93 000 კი დაიჭრა. დაჭრილთა მნიშვნელოვანი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია, რადგან რუსეთში ფრონტის მედიცინა უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინი ახალი სამხედროების გაწვევისთვის ემზადება და ამას სხვა ფორმულირებებით ნიღბავს.
„პუტინი ემზადება, რომ ომში კიდევ უფრო მეტი რუსი გაგზავნოს. ის ამას სხვა სიტყვებითა და სიგნალებით ნიღბავს, მაგრამ ნამდვილად ემზადება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად რუსეთზე საკმარისი ზეწოლა მოვახდინოთ, რათა მთავარი ამ აგრესიის შეწყვეტაზე ფიქრი გახდეს, მშვიდობაზე ფიქრი და არა დამატებით რუსულ მობილიზაციაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.









