უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში დასარტყმელი სტრატეგიული სამიზნეების სია განახლებულია.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ და დაზვერვამ უკვე განსაზღვრეს ის კონკრეტული სამხედრო ობიექტები და ინფრასტრუქტურა, საიდანაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო თუ საავიაციო იერიშებს ახორციელებს.

"ჩვენ განვაახლეთ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასარტყმელი სამიზნეების სია. ეს არის კონკრეტულად ის სამხედრო ობიექტები და ბაზები, საიდანაც ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ქალაქებს, სოფლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უტევს. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაანადგუროს საფრთხე პირდაპირ მის წყაროსთან. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, რათა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე არსებული შეზღუდვები მოიხსნას," — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

აღნიშნული ნაბიჯი პირდაპირ უკავშირდება დასავლელ პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებებს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ეფექტური თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო პოტენციალისა და ლოგისტიკის მისსავე ტერიტორიაზე განადგურება.