რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს. ამის შესახებ პუტინმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ მას აშშ-ის პრეზიდენტმა ჰკითხა. ამასთან პუტინმა კვლავ ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა. პუტინის განცხადებით, ზელენსკის უფლებამოსილება 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა დასრულებულიყო და ქვეყნის მეთაური რადას თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო.
„ასე ვთქვათ, მოქმედი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრის შესაძლებლობაზე. შეიძლება, მე არასდროს მითქვამს ამაზე უარი, თუ ეს შეხვედრა კარგად იქნება მომზადებული და მიგვიყვანს შესაძლო პოზიტიურ შედეგებამდე. ტრამპმა მთხოვა, თუ არის ასეთი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა. მე ვუთხარი კი ეს შესაძლებელია, ბოლოს და ბოლოს თუ ზელენსკი მზადაა ჩამოვიდეს მოსკოვში და ასეთი შეხვედრა შედგება“, – აღნიშნა პუტინმა.
ამავე პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი წინააღმდეგია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების, თუმცა ეს არ ეხება ევროკავშირში კიევის წევრობას.
„მე ვეთანხმები , ვინც თვლის, რომ ყველა მხარეს აქვს უფლება თავად აირჩიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა. ეს ეხება ყველა ქვეყანას და მათ შორის უკრაინას. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოება მეორის ხარჯზე არ შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში საუბარია რუსეთზე. ჩვენ მუდამ წინააღმდეგები ვიყავით, რომ უკრაინა ყოფილიყო ნატო-ს წევრი, მაგრამ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ მისი უფლება განეხორციელებინა საკუთარი ეკონომიკური, სამეურნეო საქმიანობა, როგორც ეს თავად სურს. ეს მათ შორის ეხება ევროკავშირში უკრაინის წევრობას“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში არა ტერიტორიებისთვის, არამედ ადამიანების უფლებების დასაცავად იბრძვის.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ იმდენად ტერიტორიებისთვის კი არ ვიბრძვით, რამდენადაც ადამიანი უფლებებისთვის და იმ ადამიანების უფლებებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ვიბრძვით, რათა მათ ჰქონდეთ უფლება საკუთარ ენაზე ისაუბრონ, იცხოვრონ თავიანთი კულტურის ჩარჩოებში და წინა თაობებისგან მიღებული ტრადიციებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სტამბოლში 2022 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ თავდაპირველად რუსეთის წინადადებები უკრაინას სრულად არ უარყვია.
„2002 წელს ჩვენ მოვუწოდეთ უკრაინის ხელისუფლებას პატივი სცენ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ადამიანებს არჩევანს, გაიყვანონ თავიანთი ჯარები იქიდან და დაასრულონ კონფლიქტი დაუყოვნებლივ. მე უნდა ვთქვა, რომ ეს წინადადება თავდაპირველად სრულად უარყოფილი არ იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც რუსეთმა, ჩვენი დასავლელი კოლეგების დაჟინებული მოთხოვნით, გავიყვანეთ სამხედრო ძალები კიევიდან, სიტუაცია შეიცვალა. ჩვენ შემდეგ გვითხრეს, თითქმის სიტყვა სიტყვით შემდეგი, „ახლა ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ან თქვენ მოგიგრიხავთ კისერს, ან ჩვენ“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის მისაღები გამოსავლის პოვნა შესაძლებელია, თუ საღი აზრი გაიმარჯვებს.
„მე ასე წარმომიდგენია. თუ საღი აზრი გაიმარჯვებს, ამ კონფლიქტის შეწყვეტის მისაღებ ვარიანტზე შეთანხმება შესაძლებელია. ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის განწყობებს, ვხედავთ არა მარტო მოწოდებებს მათი მხრიდან, არამედ გულწრფელ სურვილს, რომ ეს გამოსავალი მოიძებნოს. მე ასე მგონია, რომ გარკვეული სინათლე გვირაბის ბოლოს არის. ვნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია. თუ არა, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველა დასახული ამოცანის შესრულება სამხედრო გზით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თარგმანი: პირველი არხი