გუშინ, 8 ივნისს, ადგილობრივი დროით 9:45 საათზე, საფრანგეთის ქალაქ ანსის პარკში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 6 პირი, მათ შორის 1 წლის და 10 თვის ასაკიდან 3 წლამდე ასაკის ოთხი ბავშვი დაჭრა. ექიმების თქმით, ორი ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მთავარი ეჭვმიტანილი, 1991 წელს დაბადებული სირიის მოქალაქე, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. მისი იდენტიფიცირება შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი მართვის მოწმობის წყალობით მოხდა. გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს თქმით, ის პოლიციისთვის უცნობი იყო და საფრანგეთში კანონიერი საფუძვლით ჩავიდა: მას ასევე აღმოუჩინეს თავშესაფრის მოქმედი მოწმობა.

ფრანგული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ცნობილია, რომ  31 წლის სირიელი აბდალმასიჰ ჰ. 2013 წლიდან შვედეთში ცხოვრობდა. მას შვედეთში ლტოლვილის სტატუსი მისცეს, თუმცა 10 წლის განმავლობაში მოქალაქეობა ვერ მიიღო. მისი ცოლის თქმით, მათ ერთმანეთი თურქეთში გაიცნეს და ერთად ჩავიდნენ შვედეთში, სადაც ორი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. აბდალასიჰმა შვედეთის მოქალაქეობა ვერ მიიღო და გადაწყვიტა ქვეყანა დაეტოვებინა. ქალს, მათ სამი წლის ბავშვთან ერთად შვედეთში დარჩენა უნდოდა და ერთმანეთს გაშორდნენ.

საფრანგეთში ჩასულმა აბდალასიჰმა განაცხადა, რომ არის „სირიელი ქრისტიანი" და თავშესაფარი ითხოვა. 2022 წლის ნოემბერში გამართულ გასაუბრებაზე გაირკვა,რომ მას უკვე მიღებული ჰქონდა თავშესაფარი შვედეთში და უარი უთხრეს. 

მას არ აქვს მუდმივი მისამართი და არის „აპიორი იზოლირებული ადამიანი", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთი "დაუკავშირდა ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნების სასამართლოსა და სადაზვერვო სააგენტოს და ამ ბატონს არ აქვს კრიმინალური წარსული, მას არ იცნობს არც ერთი სადაზვერვო სააგენტო" და არც მისი ფსიქიატრიული ისტორიის შესახებ არის ცნობილი,  - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. „ამჟამინდელი ფორმით, ჩვენ არ გვაქვს ელემენტები, რამაც შეიძლება დაგვაჯეროს, რომ არსებობს ტერორისტული მოტივები“, - თქვა თავის მხრივ პროკურორმა ენსი ლინ ბონეტ-მატისმა