ტეხასში წითელას გავრცელება არის „მოწოდება მოქმედებისკენ ყველა ჩვენგანისთვის", - ამბობს „ფოქს ნიუსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ჯანდაცვის და ადამიანური სერვისების მინისტრი რობერტ კენედი-უმცროსი 

„როგორც აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მინისტრი, ღრმად ვარ შეშფოთებული წითელას ბოლოდროინდელი აფეთქებით“, - წერს კენედი თავის სტატიაში.

კენედი, რომელიც ვაქცინების მიმართ სკეპტიკური განწყობით არის ცნობილი, პირდაპირ არ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ, თუმცა ამბობს, რომ მთავრობამ ვაქცინები ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ყველასთვის, ვისაც ეს სურს" და მშობლებს ურჩევს კონსულტაცია გაიარონ ექიმებთან MMR ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ყველა მშობელმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ჯანდაცვის პროვაიდერებთან, რათა გაეცნონ MMR ვაქცინაციის ვარიანტებს. ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად. ვაქცინა არა მხოლოდ იცავს ცალკეულ ბავშვებს წითელასგან, არამედ ხელს უწყობს ჯგუფური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, იცავს მათ, ვისაც სამედიცინო მიზეზების გამო ვაქცინაცია არ შეუძლია“, - ამბობს კენედი თავის სტატიაში.

იანვრის ბოლოდან ტეხასში წითელათი დაავადების 146 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა უმეტესობა (116) მოდის 18 წლამდე ასაკის პირებზე. 79 დადასტურებული შემთხვევა არავაქცინირებულთა შორის დაფიქსირდა, 62 კი გაურკვეველი სტატუსი ვაქცინირებულთა შორის. 146-დან 5 ისეთია, რომელიც ვაქცინირებული იყო. წითელას აფეთქების შედეგად ტეხასის შტატში სასკოლო ასაკის ბავშვის გარდაცვალება დაფიქსირდა, რაც აშშ-ში 2015 წლის შემდეგ წითელათი გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. წითელას ვირუსით დაავადების შემთხვევები ტეხასის, ნიუ-ჯერსის და ნიუ-იორკის შტატებშია დაფიქსირებული. ექიმები ამბობენ, რომ MMR-ით ვაქცინაცია ორი დოზით ხდება, პირველი დოზის შემდეგ პაციენტები 93 %-ით, მეორე დოზის შემდეგ კი 97%-ით არიან დაცულები.

სპეციალისტების მტკიცებით, წითელა იმდენად გადამდებია, რომ თუ ერთი ადამიანი დაინფიცირდა, ახლოს მყოფი იმუნიტეტის არმქონე 10 ადამიანიდან, სავარაუდოდ, 9 დაინფიცირდება.