ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის დაფინანსების სამ ვარიანტზეა საუბარი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ჩვენ სამი ძირითადი ვარიანტი გამოვყავით: წევრი სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერის გრანტებით დაფინანსება, შეზღუდული სესხი ევროკავშირის მიერ ფინანსური ბაზრებიდან აღებული სესხის მეშვეობით დაფინანსებით, ან გაყინული აქტივების საბანკო ბალანსით უზრუნველყოფილი შეზღუდული სესხი“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი წერილში.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შესაძლებელია აღნიშნული ვარიანტების გაერთიანებაც.
„გრანტის ვარიანტი თუ შეირჩევა, უკრაინას ევროკავშირის წევრებისგან მომდევნო ორი წლის განმავლობაში სულ მცირე 90 მილიარდი ევრო დასჭირდება“, – აღნიშნულია წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროება 135,7 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან სამხედროებისთვის 83,4 მილიარდი დასჭირდება, ხოლო სხვა ხარჯებისთვის – 52,3 მილიარდი.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპელ ლიდერებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ მოუწოდა.
თარგმანი: პირველი არხი







