ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საჰაერო ჰუმანიტარული დერეფანი ღაზას სექტორში.

"ამ საშინელების წინაშე ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - თქვა მან.

ამავდროულად, ფონ დერ ლაიენის თქმით, ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.

„მათ არ უნდა აგონ პასუხი ჰამასის ბარბაროსობისთვის. ამიტომ კომისია აცხადებს, რომ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას სამჯერ - 75 მილიონ ევრომდე“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ეგვიპტის გავლით შექმნის.