უნგრეთში ოპოზიციური პარტია „ტიზას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის მხარდამჭერებმა ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
დემონსტრაციაზე ათი ათასობით ადამიანი იმყოფებოდა. პიტერ მაგიარი მსვლელობას მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდა. აქციის მონაწილეები უნგრეთის დროშებს აფრიალებდნენ და ვიქტორ ორბანის შეცვლას მოითხოვდნენ.
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, პიტერ მაგიარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სულ უფრო და უფრო ავტორიტარული და კორუმპირებული მთავრობის მართვაში დაადანაშაულა.
„ის პოლიტიკოსი, რომელიც მოითხოვდა რუსეთის ჯარების უნგრეთიდან გასვლას, ახლა კრემლის ყველაზე ერთგული მოკავშირეა. ის წლებია, საკუთარ ხალხს ატყუებს და ამ ყველაფრისთვის მადლიერებას ელოდება. მან შექმნა სისტემა, რომელშიც ძალაუფლება ცენტრალიზებულია, მედია კონტროლის ქვეშაა და ქვეყანას შიში მართავს. ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან. თავისუფლება იბადება იქ, სადაც შიში მთავრდება და ჩვენ დღეს აღარ გვეშინია. ჩვენ არ ვართ არც მემარჯვენეები და არც მემარცხენეები, დღეს ჩვენ უნგრელები ვართ, თუნდაც ეროვნულ მარშზე ვყოფილიყავით, თუნდაც მშვიდობის მარშზე ვყოფილიყავით, ჩვენ ყველანი უნგრელები ვართ, ჩვენ პატრიოტიზმი გვაერთიანებს. სამშობლო არ ეკუთვნის პოლიტიკოსებს, არც ოლიგარქებს და არც პარტიებს, სამშობლო ეკუთვნის უნგრელ ხალხს და ჩვენ ახლა ამ სამშობლოს ვიბრუნებთ. საქმე ახლა იწყება, დასახლებიდან დასახლებამდე, უნივერსიტეტის სტუდენტებიდან პენსიონერებამდე, ყველამ უნდა გადაწყვიტოს: ისინი შიშის მხარეს არიან თუ თავისუფლების, ძალაუფლების ან უნგრელი ხალხის მხარეს. თავისუფლება ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეგუებით პატიოსანი ადამიანების დისკრედიტაციას, ჩვენ არ ვყიდით ჩვენს სამშობლოს. უნგრელი ხალხის ბედი არ წყდება ბრიუსელში, ვაშინგტონში ან მოსკოვში. დავიჯეროთ, რომ ეს სამშობლო შეიძლება, აღდგეს და ჩვენი შვილები გაიზრდებიან უფრო თავისუფალ უნგრეთში“, – განაცხადა მაგიარმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ 2026 წელს არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვებს.
„ექვს თვეზე ნაკლებ დროში ქვეყანა აირჩევს, უნგრელი ხალხი უპასუხებს კითხვებს: აღმოსავლეთი თუ დასავლეთი, კორუფცია თუ ღირსება, თურქული საბჭო თუ ევროპა, პროპაგანდა თუ სიმართლე, არაადამიანობა თუ ადამიანობა, კოლონია თუ თავისუფალი უნგრეთი, „ფიდესი“ თუ „ტიზა“. ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები 2026 წელს და ჩვენ გავიმარჯვებთ, არა მცირედით, არამედ დიდი სხვაობით“, – განაცხადა მაგიარმა.
ამასთან, დღეს ბუდაპეშტში 1956 წელს კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხების 69-ე წლისთავის აღსანიშნად და ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად „მშვიდობის მარშიც“ გაიმართა.
თარგმანი: პირველი არხი




