20 მაისს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ოფიციალურად დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) ქვეყნის გამოყვანის პროცესი, რაც თითქმის ერთი წელი გაგრძელდება. მანამდე, უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მთავრობაში განაცხადეს, რომ ICC "პოლიტიკურ" ორგანიზაციად იქცა.
ICC-დან გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 134-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე 37 იყო.
აპრილის თვეში ორბანმა თქვა, რომ ICC "უკვე აღარ არის მიუკერძოებელი, კანონის უზენაესობის სასამართლო, არამედ ის პოლიტიკური სასამართლოა."
უნგრეთი ICC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფოა და მან 2001 წელს მთავრობათაშორისი ორგანიზაციის წესდების რატიფიცირებაც მოახდინა, მაგრამ კანონი გამოქვეყნებული დღემდე არ ყოფილა.
უნგრეთის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის გადაწყვეტილება 3 აპრილს მიიღო. ორბანის მთავრობამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ჩავიდა.