აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილმა, მისი საქორწინო ღონისძიებების ნაწილის ორგანიზებისთვის დახარჯული თანხა, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ბიზნესმენსა და კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) ხელმძღვანელ უმარ კრემლიოვს დაუბრუნა. ამის შესახებ თავად კრემლიოვმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ საერთო ღონისძიებაზე ვიყავით, მე ქორწილში არ ვყოფილვარ. რაც შეეხება იმას, დააბრუნა თუ არა ხარჯები, დიახ, დააბრუნა", - ციტირებს ბიზნესმენის სიტყვებს რუსული სააგენტო TASS. ამავდროულად, კრემლიოვმა თანხის დაბრუნების გამო გაკვირვება გამოხატა: "მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, ვერც კი მივხვდი რისთვის, რადგან ეს საერთო ღონისძიება იყო. ეს არ ყოფილა განსაკუთრებული საჩუქარი. ყველა ატარებს ბევრ ღონისძიებას. მე, მაგალითად, სტუმრებს აგარაკზე რომ დავპატიჟებ, მერე ანგარიში უნდა წარვუდგინო? ეს ხომ სისულელეა". IBA-ს ხელმძღვანელის თქმით, დონალდ ტრამპ-უმცროსთან მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, თავად კი "არასდროს უთხოვია მისთვის ან ვინმესთვის" დახმარება.

18 სექტემბერს ტრამპ-უმცროსის მიერ კრემლიოვისთვის ფულის დაბრუნების ფაქტი თავად თეთრი სახლის ხელმძღვანელმაც დაადასტურა. "როგორც მე მესმის, მან მას ვალი დაუბრუნა", - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მან აღნიშნა, რომ მიაჩნია ეს "სავსებით ნორმალურ პრაქტიკად", როდესაც "ვიღაცის მეგობარი იხდის ქორწილის აღნიშვნის ხარჯებს". აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დასაშვებად მიიჩნია რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის მონაწილეობა მისი შვილის ღონისძიებების დაფინანსებაში.

14 სექტემბერს ამერიკულმა გამოცემა ProPublica-მ გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვეოდა, რომ ბაჰამის კუნძულებზე აშშ-ის პრეზიდენტის შვილის, დონალდ ტრამპ-უმცროსის ქორწილის ხარჯების ნაწილი უმარ კრემლიოვმა დაფარა. ტრამპ-უფროსმა კი გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ მას "წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის უმარი, არასდროს სმენია მის შესახებ, და რომ მას არ გადაუხდია დონისა და ბეტინას ქორწილის ხარჯები, რომელიც სრულიად სხვა ადგილას და სხვა დღეს გაიმართა, ვიდრე ეს წვეულება". "ეს იყო მათ პატივსაცემად გამართული "აფთერ-ფართი". საგანგაშო არაფერია! მე ამ წვეულებას არ ვესწრებოდი", - ციტირებენ მის სიტყვებს ჟურნალისტები.

Axios ასევე იუწყებოდა, რომ წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტიდან აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსანმა წევრმა შესაძლოა, გამოიძიოს ცნობები კრემლიოვის მიერ ტრამპ-უმცროსის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ. წარმომადგენელთა პალატის წევრმა კალიფორნიიდან, რობერტ გარსიამ, წერილი გაუგზავნა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელს სიუზი უაილზს, რომელშიც განაცხადა, რომ კომიტეტში დემოკრატები "იძიებენ მრავალრიცხოვან გზებს, რომელთა საშუალებითაც ტრამპის ოჯახი გამდიდრებას ცდილობდა" სახელმწიფოს მეთაურთან სიახლოვის გამოყენებით.

Axios მაშინ წერდა, რომ თუ დემოკრატები 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, გარსია, სავარაუდოდ, კონგრესის მთავარი გამომძიებელი გახდება. "ეს გამოძიება საკმაოდ ნათელ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით იმოქმედებს ის ამ როლში", - ნათქვამი იყო გამოცემის ტექსტში.