რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კომიშუვახაში მდებარე სკოლაზე საავიაციო დარტყმები განახორციელა. დაღუპულია 24 ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი და ორი მაშველი. დაშავებულია ხუთი პირი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიდევ 27 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამჟამად ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ოპერაციაში შეიარაღებული ძალები, მაშველები და სპეცსამსახურები არიან ჩართულნი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რამდენიმე საჰაერო დარტყმა განხორციელდა. პირველი იერიშის სამიზნე სკოლა გახდა, სადაც ადამიანებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდნენ. შემდეგი დარტყმა რუსულმა მხარემ თავშესაფარზე განახორციელა.

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კარგად იცოდა, რომ კომიშუვახაში დარჩენილი მოსახლეობა ყოველ კვირას სწორედ ამ ადგილას იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ რუსეთს არც დეესკალაცია სურს და არც რეალური სამართლიანობა. ოლეშკში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ იყო მომენტი, როდესაც შემდგომ ნაბიჯებს შეეძლო, ეჩვენებინა ის, რომ მშვიდობისკენ წინსვლა შესაძლებელია. ასეთი მკვლელობებით რუსეთი სრულიად საპირისპირო სიგნალს აგზავნის: ის ახალ მკვლელობებზე აკეთებს გათვლას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიოს, რუსეთს „ძლიერი და მკაცრი“ პასუხი გასცეს და უკრაინას დახმარება გაუწიოს.