აშშ მხარს უჭერს ევროპისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების სწრაფ განახლებას იმ მილსადენების მეშვეობით, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის.

ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, იდეა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა სექტემბერში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების დროს წამოჭრეს, რუსული გაზის ამერიკული შუამავლის მეშვეობით გაყიდვას გულისხმობს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ეს ევროპული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას შექმნიდა, ამასთან, შესაძლოა, ამერიკელი ინვესტორებისთვის მომგებიანი ბიზნესშესაძლებლობა გამხდარიყო.

ამერიკელი მომლაპარაკებლების შეფასებით, რუსეთის დაბრუნება ევროპული ბუნებრივი აირის ბაზარზე ვლადიმერ პუტინისთვის წინადადებაზე დათანხმების ძლიერი სტიმული იქნებოდა. ამასთან, უკრაინა სატრანზიტო მოსაკრებლების სახით მისთვის მეტად საჭირო შემოსავალს მიიღებდა.

„უოლ სთრით ჯორნალს“ აშშ-ის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლების წინადადებით, რუსეთმა ევროპაში გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები მესამე ქვეყანაში გახსნილ სპეციალურ, ე.წ. ესქროუ ანგარიშზე (escrow account) უნდა განათავსოს, რათა კრემლმა ეს თანხა ომის დასაფინანსებლად ვერ გამოიყენოს.

ე.წ. ესქროუ ანგარიში დროებითი ფინანსური ანგარიშის სახეობაა, რომელსაც დამოუკიდებელი მესამე მხარე მართავს. მასზე თანხა ან სხვა აქტივები ინახება გარიგების მონაწილე მხარეების სახელით, წინასწარ შეთანხმებული პირობების შესრულებამდე.

ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა 2027 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უნდა შეწყდეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებით, ისინი აპირებენ ენერგომომარაგების სფეროში იმ ქვეყანაზე დამოკიდებულების აღდგენას, რომელსაც მთავარ სტრატეგიულ საფრთხედ მიიჩნევენ.

გამოცემის ცნობით, ოქტომბერში რუსული გაზის ევროპაში მიწოდების განახლების ინიციატივა უკანა პლანზე გადაიწია. როგორც მედია წერს, იმ პერიოდში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზეწოლის შედეგად, უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები თითქმის ორი კვირით შეაჩერა. პარალელურად, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს აგრძელებდა, ხოლო აშშ-მა უფრო მასშტაბური სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე გადაიტანა ყურადღება. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების განახლების შემდეგ, კვლავ გააქტიურდა ენერგეტიკული ზავის მიღწევის საკითხი. ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინამ რუსეთის სამ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სამი იერიში მიიტანა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ნოემბრის შუა რიცხვებში აბუ დაბიში დაგეგმილი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ.

უკრაინის გავლით ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მისი განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„ადგილზე არსებული ვითარება აშკარად მიუთითებს, რომ მსგავსი გეგმების განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. რაც შეეხება მომავალს, ამას დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა პესკოვმა.