პოლონეთის ქალაქ გდანსკში მამაკაცი თავს დაესხა ქუჩაში მიმავალ უკრაინის მოქალაქესა და ორ ადგილობრივ პოლონელს, რომლებსაც „ბანდერელები“ უწოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინციდენტი მოდრას ქუჩაზე, საკარმიდამო ნაკვეთების ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცი იქ Volkswagen-ის ავტომობილით მივიდა და აგრესიულად იქცეოდა, მანქანას მკვეთრად აჩქარებდა და ამუხრუჭებდა. ირკვევა, რომ რაღაც მომენტში მამაკაცმა შენიშნა შემთხვევითი გამვლელი. პოლიციის თქმით, მას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ გამვლელმა შეხედა. თავდამსხმელმა გამვლელს ჰკითხა, ხომ არ შეუტყობინებია მის შესახებ სამართალდამცავებისთვის. უარყოფითი პასუხის მიღებისა და მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ გამვლელს „აღმოსავლეთევროპული აქცენტი“ ჰქონდა, მისი შეურაცხყოფა დაიწყო და მისი ცემაც სცადა. დაზარალებული უკრაინის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელმაც გაქცევა შეძლო.
ამ ინციდენტის შემდეგ იმავე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, თავდამსხმელი მივიდა კონკრეტულ ნაკვეთთან, რომელსაც პოლონელი მამა-შვილი ქირაობდა. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა მათ „ბანდერელები“ უწოდა, აგრესიული ქცევა და მათი ცემა დაიწყო. თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ მათგანს ხელი მოსტეხეს. ორივე დაზარალებული პოლონეთის მოქალაქეა.
თავდასხმის შემდეგ მამაკაცი ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება იმავე დღესვე შეძლეს.
როგორც ცნობილია, დაკავების დროს მის სისხლში 1,5 პრომილეზე მეტი ალკოჰოლი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, პოლიცია ამოწმებს, ხომ არ იმყოფებოდა ის ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. გამოძიებისას ასევე დადგინდა, რომ თავდამსხმელს მართვის მოწმობა არ ჰქონდა.
დაკავებულს ბრალი წაუყენეს რასისტული შეურაცხყოფის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვისა და სხეულის იმგვარი დაზიანების მიყენებისთვის, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის დროებითი დაკარგვა შვიდ დღეზე მეტი ვადით.
საქმე ხულიგნობის აქტად დაკვალიფიცირდა, რისთვისაც მას 7,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გდანსკის პროკურატურამ ბრალდებული პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ დატოვა. მას ასევე აეკრძალა დაზარალებულებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახის კონტაქტი.









