უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ჩაშალა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელების ვასილ მალიუკის და კირილო ბუდანოვის, ლიკვიდაციას.

"რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა უნდა განეხორციელებინა აგენტების ქსელს, რომელშიც ჩართული იყო უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი. ისინი რუსეთს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას. ორივე მათგანი დაკავებულია და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. რუსეთის აგენტების ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო მოძიება პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებული სამხედროების, რომლებიც შეძლებდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და შემდეგ ლიკვიდაციას. აღდგომის წინ, დრონების გამოყენებით იგეგემებოდა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის კირილო ბუდანოვის მკვლელობა", – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილ მალიუკის განცხადებით, რუსეთის გეგმის ჩასაშლელად სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო პირთა ვიწრო წრე და ოპერაციას პირადად აკონტროლებდა.

"ტერაქტით პუტინისთვის საჩუქარი უნდა გაეკეთებინათ მისი ინაუგურაციისთვის", – აღნიშნავს ვასილ მალიუკი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზების კურატორები იყვნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მეხუთე განყოფილების ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლები მაქსიმ მიშუსტინი, დმიტრი პერლინი და ალექსეი კორნევი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სახელმწიფო ღალატის და ტერაქტის მომზადების მუხლებით.

რუსეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.