უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა სვეტლანა გრინჩუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. თანამდებობა არასდროს ყოფილა ჩემთვის თვითმიზანი“, – წერს გრინჩუკი.
გრინჩუკის თქმით, მისი პროფესიონალური საქმიანობის ფარგლებში, არ ყოფილა კანონმდებლობის დარღვევის რამე შემთხვევა.
„ასეთი ფაქტები შეუძლებელია, არსებობდეს“, – აღნიშნავს გრინჩუკი.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადააყენეს უკრაინის იუსტიციის მინისტრი გერმან გალუშჩენკო, კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გერმან გალუშჩენკო, რომელმაც აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას თანამდებობიდან გათავისუფლება ცივილიზებული ქმედებაა. მისი თქმით, ის აპირებს სიმართლის დამტკიცებას და სამართლებრივად თავის დაცვას.
დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, უმაღლესი რადა იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს 18 ნოემბერს უყრის კენჭს.
შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურა კორუფციულ სქემას იძიებს, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ახლო მეგობარი ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში. კერძოდ, „ენერგოატომში“. გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია საუბრების ჩანაწერები, რომელთა შორის სავარაუდოდ ყოფილი ენერგეტიკის მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს საუბარიც არის.
თარგმანი: პირველი არხი




