მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, ექვსი დაშავდა. რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დაწერა, რომ რეგიონის თავზე 249 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ვორობიოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შემდეგ სოფინოში საწყობების კომპლექსი დაიწვა. Astra წერს, რომ იქ, დაახლოებით, 850 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ლოგისტიკური კომპლექსი მთლიანად ცეცხლშია გახვეული.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანმა განაცხადა, რომ მოსკოვის მისადგომებთან 450 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
"მოგერიებულია მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე მასიური თავდასხმა მოსკოვზე. გუშინდლიდან მოყოლებული, ყველა 1600-ზე მეტი დრონი მოიგერიეს. აქედან 450 მოსკოვის მისადგომებთან. რამდენიმე დრონმა მიაღწია მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას, ერთი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაღუპულები არ არიან", – დაწერა სობიანმა.
თავდასხმის შედეგად, მოსკოვში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაიწვა. ეს ქარხანა უკვე იყო იერიშის ობიექტი ივნისში.
ისტრაში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა საცხოვრებელ სახლში ბინა დააზიანა, განაცხადა მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელმა ტატიანა ვიტუშევამ. დედაქალაქის აეროპორტებმა – ვნუკოვომ, დომოდედოვომ და ჟუკოვსკიმ – მუშაობა შეაჩერეს.




