ლიბიის საპრეზიდენტო საბჭომ უკრაინა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევასა და „ლიბიის სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადებაში“ დაადანაშაულა. 

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინულმა საზღვაო დრონებმა ლიბიის სანაპიროსთან, ბენღაზის პორტში მდგომ ორ რუსულ გემზე იერიში მიიტანეს

საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მუსა ალ-კონის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა კიევს ეკისრება. ლიბიის ხელისუფლება უკრაინას მოუწოდებს, ქვეყანა „ანგარიშსწორების ასპარეზად“ არ აქციოს და აცხადებს, რომ მომხდარზე დაუყოვნებლივი სამართლებრივი და დიპლომატიური რეაგირება ექნება. ტრიპოლი გეგმავს, საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) გაიტანოს.

რა მოხდა ბენღაზის პორტში?

იერიში 22 ნოემბერს, ლიბიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბენღაზის პორტში განხორციელდა, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირების მქონე გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალები აკონტროლებენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაცია დაადასტურა, შესაბამისი ვიდეომასალა გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინულმა საზღვაო დრონებმა რუსეთის ერთ-ერთი უახლესი სამხედრო კორვეტი „მერკური“ ჩაძირეს, ასევე დააზიანეს იარაღის გადამზიდავი სატვირთო გემი MV Angara და გაანადგურეს ბორტზე მყოფი ვერტმფრენი Ka-27. 

უკრაინის პოზიცია: ზელენსკის თქმით, ოპერაცია სრულიად ლეგიტიმური იყო და აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინის პასუხს ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრის მოშორებითაც იგრძნობს.

ლიბიის ორხელისუფლებიანობა: საერთაშორისო მედია (მათ შორის BBC და France 24) ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კონტექსტზე. 2011 წლიდან ლიბია ორ ნაწილად არის გაყოფილი: დასავლეთს ტრიპოლში ბაზირებული, გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა მართავს, აღმოსავლეთს კი — ჰაფთარის ადმინისტრაცია. აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ გაეროს მოუწოდა, გამოიძიოს ინფორმაცია იმის შესახებ, ხომ არ იმყოფებიან უკრაინელი სამხედროები დასავლეთ ლიბიაში და ხომ არ განხორციელდა თავდასხმა იქიდან. თავის მხრივ, ტრიპოლის მთავრობამაც მოითხოვა განმარტება კიევისგან და გამოძიების დაწყება, რათა დადგინდეს, გამოიყენეს თუ არა ლიბიის ტერიტორია ამ ოპერაციის დასაგეგმად.

მოსკოვის რეაქცია: კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მომხდარს საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიის გაფართოების „ძალიან სახიფათო ტენდენცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ დეტალურ პასუხს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასცემს.

აღსანიშნავია, რომ ბენღაზის ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, დრონებით იერიში განხორციელდა რუსულ სატვირთო გემზე ფინეთის ყურეშიც, რამაც დასავლელ ლიდერებში კონფლიქტის სხვა რეგიონებში გავრცელების შეშფოთება გამოიწვია

მოამზადა რაულ კაპანაძემ