ამის შესახებ საზღვარგარეთის საინფორმაციო სააგენტოები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით წერენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ცნობით, უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობტანკერს დაესხა თავს.
ტანკერი დაკავშირებულია ე.წ. რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან.
უკრაინული დრონის თავდასხმა, სავარაუდოდ, საერთაშორისო წყლებში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 2000 კილომეტრში მოხდა და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული დრონი ხმელთაშუა ზღვაში გამოიყენეს.
რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემები ხშირად ძველია, არ არიან დაზღვეულები და არ გააჩნიათ მფლობელის შესახებ მკაფიო ინფორმაცია. რუსეთი მათ დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ტანკერი „კენდილი“ დრონის თავდასხმის დროს დატვირთული არ იყო და შესაბამისად, გარემოსთვის საფრთხე არ შექმნილა. თავდასხმამ, სავარაუდოდ, ტანკერს „კრიტიკული ზიანი“ მიაყენა, რამაც ის დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის უვარგისი გახადა.
წყაროს ცნობით, ეს არის „ახალი, უპრეცედენტო სპეციალური ოპერაცია“ „აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნის“ წინააღმდეგ.
„მტერმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინა არ გაჩერდება და თავს დაესხმება მას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა იყოს იგი“, - განაცხადა წყარომ.




