უკრაინის ხელისუფლება საფრანგეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მიიღოს ლიცენზია და ტექნოლოგია შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების, SCALP-EG-ის (ცნობილი როგორც Storm Shadow), უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია და თავდაცვის სექტორის ექსპერტები ავრცელებენ.

ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობების გაძლიერება და იმ სტრატეგიული შეიარაღების ადგილზე წარმოება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ლიცენზირებული წარმოების დაწყება უკრაინას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების სამხედრო დახმარების დინამიკაზე და უზრუნველყოს რაკეტების მუდმივი მარაგი ოპერატიული საჭიროებების შესაბამისად.

"SCALP-ის ტიპის რაკეტების ადგილობრივი წარმოება იქნებოდა თვისობრივად ახალი ეტაპი უკრაინის თავდაცვისუნარიანობისთვის. ეს არამხოლოდ ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას გულისხმობს, არამედ აჩვენებს საფრანგეთისა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს", - აღნიშნავენ ექსპერტები.

ჯერჯერობით უცნობია, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და დათანხმდება თუ არა ოფიციალური პარიზი უმაღლესი ტექნოლოგიური საიდუმლოების შემცველი იარაღის წარმოების ტექნოლოგიის უკრაინაში გადაცემას.

მსგავსი პროექტების განხორციელება, როგორც წესი, კომპლექსურ ლოგისტიკურ და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან მუდმივი სარაკეტო თავდასხმების ფონზე. თუმცა, უკრაინის მხრიდან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის მზადყოფნას, გადავიდეს იარაღის წარმოების უფრო მაღალ, ლოკალიზებულ საფეხურზე.