დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, წლის ბოლომდე ისინი უკრაინისთვის რეკორდული რაოდენობის - 120 ათასი დრონის მიწოდებას გეგმავენ. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს

ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ათასობით შორ მანძილზე მოქმედ დამრტყმელ დრონს, სადაზვერვო და ლოგისტიკურ უპილოტო აპარატებსა და საზღვაო საშუალებებს, რომლებმაც უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე საბრძოლო გამოცდა უკვე გაიარეს. ახალი დრონების მიწოდება ამ თვეში უკვე დაიწყო.

"ბოლო კვირების განმავლობაში ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი - პუტინს სურს ჩვენი ყურადღების გადატანა, მაგრამ უკრაინელები კვლავაც უდიდესი სიმამაცით აგრძელებენ ბრძოლას. ვერაფერი აიძულებს ბრიტანეთს, ზურგი აქციოს მათ, სანამ მშვიდობას არ უზრუნველვყოფთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.

ლონდონის ეს განცხადება იმ დროს გაჟღერდა, როდესაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბერლინისკენ მიემართება უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 34-ე სხდომის თანათავმჯდომარეობისთვის. მოსალოდნელია, რომ შეხვედრას 50 ქვეყანა დაესწრება.

სხდომაზე ჰილი ასევე დაადასტურებს, რომ ბრიტანეთი უკრაინას მიმდინარე წელს ასობით ათას საარტილერიო ჭურვსა და ათასობით საზენიტო რაკეტას გადასცემს.