აშშ-სა და უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირებით შემდგარი დელეგაციები შვეიცარიაში "უახლოეს დღეებში" აშშ-ს ახალი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის წინადადების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის სხვა საერთაშორისო პარტნიორები და რუსეთის დელეგაციაც მიიღებენ მონაწილეობას.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრებს ცხრა უკრაინელი ოფიციალური პირი დაესწრება, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი.

"უკრაინა ამ პროცესს თავისი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება. ეს არის დიალოგის კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს და რომლის მთავარი მიზანიც მომდევნო ნაბიჯებზე ჩვენი ხედვების შეთანხმებაა" - დაწერა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა Facebook-ზე.