Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ახალი აღმასრულებელი დირექტორი დაასახელა. მასკმა თანამდებობაზე ლინდა იაკარინო დანიშნა.

"მოხარული ვარ მივესალმო ლინდა იაკარინოს, როგორც Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს! ის უპირველეს ყოვლისა ბიზნესოპერაციებზე იქნება ფოკუსირებული, ხოლო მე პროდუქტის დიზაინსა და ახალ ტექნოლოგიებზე გადავერთვები", - დაწერა მასკმა.

იაკარინო NBCUniversal-ში სარეკლამო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი იყო. მან ეს თანამდებობა მასკის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასკსა და იაკარინოს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს მედიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ის NBCUniversal-ში თითქმის 12 წლის განმავლობაში მუშაობდა და მისმა გუნდმა მთლიანობაში 100 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო.