თურქეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში სამ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება; ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ და ასევე – სინან ოგანი. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს, 17:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ 64.1 მილიონ მოქალაქეს აქვს. ხუთ მილიონამდე ამომრჩეველი პირველად მისცემს ხმას.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს ვიდეოს გადაღება აკრძალული აქვთ. შესაბამისად, უბანზე მობილური ტელეფონებით ან კამერებით შესვლა დაუშვებელია.

ამომრჩევლები საკუთარ არჩევანს ორ სხვადასხვა ბიულეტენზე აფიქსირებენ და ერთ კონვერტში ათავსებენ.

პირველ რიგში დაითვლება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო საბჭო გაავრცელებს. მათი გასაჯაროება ადგილობრივი დროით, საღამოს 21:00 საათზე მოხდება.