თურქეთში პოლიციამ კორუფციის საქმეზე ანკარის პროვინციის, ეთიმესგუთის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი და კიდევ 51 ეჭვმიტანილი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ერდალ ბეშიქჩიოღლუ მუნიციპალიტეტის იმ 37 თანამშრომელს შორისაა, რომლებიც პოლიციამ ჩხრეკის შემდეგ დააკავა. დაკავების ორდერი 55 პირის მიმართ გაიცა, მათ შორის 18 კომპანიის წარმომადგენლის წინააღმდეგ. სამი ეჭვმიტანილი კვლავ იძებნება.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მოიცავს ბრალდებებს კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, სახელმწიფო სახსრების მითვისების, ქრთამის აღების, გამოძალვის, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში თაღლითობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით.
29 ივლისს პოლიციამ ასევე დააკავა სტამბოლის უსქუდარის რაიონის ოპოზიციონერი მერი და კიდევ ხუთი პირი. გამოძიების ვერსიით, ისინი მშენებლობისა და შენობების ექსპლუატაციაში მიღების ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ დარღვევებში არიან ეჭვმიტანილები.
„როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთის ოპოზიცია 2024 წლიდან მიმდინარე გამოძიებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, ხოლო მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.




