აშშ-ში აღსრულდება სამხედრო სასამართლოს მიერ 2013 წელს ამერიკელი ოფიცრის, ნიდალ ჰასანის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, რომელმაც ტეხასის შტატში, ფორტ-ჰუდის ბაზაზე სისხლიანი სასაკლაო მოაწყო. ყოფილი სამხედრო ექიმ-ფსიქიატრის სიკვდილით დასჯა, რომელმაც 2009 წელს 13 ადამიანი მოკლა და 32 დაჭრა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა.

56 წლის ჰასანის დახვრეტის გზით სიკვდილით დასჯის წინადადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა წამოაყენა, ტრამპმა კი მის რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. სიკვდილით დასჯის დროსა და ადგილს პენტაგონის ხელმძღვანელი დანიშნავს.

ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოტანილი ნებისმიერი სასიკვდილო განაჩენი პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს, რომელსაც სასჯელის ამ ზომის შეცვლის უფლება აქვს. თუ ნიდალ ჰასანის განაჩენი სისრულეში მოვა, ეს იქნება 1961 წლის შემდეგ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა, ასევე 1945 წლის შემდეგ აშშ-ში სამხედროს დახვრეტის პირველი ფაქტი.

პალესტინური წარმოშობის ამერიკელმა ნიდალ ჰასანმა 2009 წლის 5 ნოემბერს, შეძახილებით "ალაჰუ აქბარ!", ფორტ-ჰუდის ბაზაზე ცეცხლი გაუხსნა უიარაღო თანამოსამსახურეებს, რომლებიც სამედიცინო შემოწმების გასავლელად იყვნენ შეკრებილნი. პოლიციელებმა საპასუხო ცეცხლით ჰასანი დაჭრეს, მას შემდეგ მისი ფეხები პარალიზებულია. საკუთარი ქმედებები სამხედრო მედიკოსმა ავღანეთში მუსლიმების ამერიკელი ჯარისკაცებისგან დაცვის სურვილით ახსნა.

2013 წელს მაიორი ჰასანი ბრალდების 32-ვე პუნქტში დამნაშავედ ცნეს, სამხედრო ტრიბუნალმა ოთხსაათიანი თათბირის შემდეგ მას ერთხმად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დანაშაული ტერორისტული ქსელის, "ალ-ქაიდას" იდეოლოგიით იყო შთაგონებული.

ნიდალ ჰასანმა განაჩენი აბსოლუტურად მშვიდად მოისმინა. პროცესზე მას თავისი ბრალეულობა არასდროს გაუპროტესტებია, უარი თქვა ადვოკატებზე და თავს თავად იცავდა, თუმცა სასამართლოსთვის მის სასარგებლოდ არცერთი მოწმე ან ჩვენება არ წარუდგენია. კანონით იძულებით დანიშნულმა ადვოკატებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჰასანი გამიზნულად ცდილობდა სასიკვდილო განაჩენის მიღწევას. მას შემდეგ იგი კანზასის შტატში, სამხედრო ციხეში იხდის სასჯელს.