ბრიტანული კომპანია Focaldata-ს მიერ Financial Times-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 33%-მა დაუჭირა მხარი ტრამპის ამჟამინდელ პოლიტიკას, რაც ერთი თვით ადრე დაფიქსირებულ 35%-ზე ნაკლებია. ამასთან, რესპუბლიკელ ამომრჩევლებში მისი მხარდაჭერა 72%-მდე დაეცა, რაც FT-ის გამოკითხვებში დაფიქსირებული კიდევ ერთი დაბალი მაჩვენებელია.
გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარყო ვაშინგტონის სავაჭრო პოლიტიკა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები. ორი მესამედი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ეკონომიკა არასწორი მიმართულებით მიდის, ხოლო კიდევ 57%-მა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკამ უარყოფითად იმოქმედა მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე. გარდა ამისა, გამოკითხულთა 56% უკმაყოფილო იყო კანადის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სავაჭრო ტარიფებით და შეშფოთება გამოთქვა მომხმარებლებისთვის ფასების შემდგომი ზრდის პოტენციალის შესახებ.
FT-მა ასევე აღნიშნა ტრამპის, როგორც პოლიტიკური მოკავშირის, მხარდაჭერის შემცირება. ამომრჩეველთა 46%, მათ შორის დამოუკიდებელი ამომრჩევლების ნახევარზე მეტი, აცხადებს, რომ ტრამპი რესპუბლიკელი კანდიდატებისთვის ნოემბრის კონგრესის არჩევნებში გამარჯვებას ართულებს. დამოუკიდებელი ამომრჩევლების 47% ამბობს, რომ ტრამპის მხარდაჭერა კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის ალბათობას შეამცირებს. რეგისტრირებული ამომრჩევლების გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, თუ ვის მისცემენ ხმას, დემოკრატები რესპუბლიკელებს 7.5 პროცენტული პუნქტით უსწრებენ, რაც გასულ თვესთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით ზრდაა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




